მედია
გურიის ჩაის გზის ასოციაციის წევრები გურჯაანის ფესტივალს სტუმრობდნენ
„ქართული ღვინის ფესტივალი 2022" კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანში 15 ოქტომბერს გაიმართა. კახეთში „გურიის სტუმარ მასპინძლობის გზის" და „ჩაის გზის ასოციაციის" წევრების ვიზიტი, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და ბახვი ჰესის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
გურულმა მეწარმეებმა ფესტივალზე წარადგინეს ადგილობრივი პროდუქცია: გურული ღვინო, ჩაი, თაფლი, ჩირი და ჩურჩხელა. კახეთის რეგიონში გურულმა პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ვიზუალური, ასევე საგემოვნო თვალსაზრისით.
„ასოციაცია ჩაის გზის ჩამოყალიბების მიზანი, ადგილობრივი, სამეწარმეო და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციაა. მიზნის მისაღწევად ასოციაცია პარტნიორი ორგანიზაციების; ბახვი ჰესის და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით აწყობს და მონაწილეობას ღებულობს საქართველოს რეგიონებში, აგრო, ტურისტულ ფესტივალებში. გურჯაანის ფესტივალში მონაწილეობა ახალი გამოწვევაა ასოციაციის წევრებისთვის. ჩაი, ღვინო, ჩურჩხელა, მშრალი ხილი, თაფლი, დიდი ინტერესით სარგებლობს ფესტივალის ვიზიტორებში" - განაცხადა ჩაის გზის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალეკო მამეშვილმა.
„ასოციაცია ჩაის გზის გაძლიერება, ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტთან პარტნიორობით ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ გავაძლიეროთ ასოციაცია, რომლის პირდაპირი მოვალეობაა თავის მხრივ, იზრუნოს გურული ჩაის ბრენდის განვითარებაზე, და მეორეს მხრივ ვახალისებთ და ვქმნით გურიაში სტუმარ-მასპინძლობის სრულიად ახალ გამოცდილებას, რომელიც გამასპინძლების კომპონენტში გამოიყენებს იმ აუთენტურ შესაძლებლობებს, რომელიც განასხვავებს გურიის რეგიონს საქართველოს სხვა რეგიონებისგან, და რასაც ტურისტი მხოლოდ აქ , მწვანე გურიაში ნახავს და გამოცდის" - განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
კახა ნაჭყებია (მეწარმე): - მსგავსი ფესტივალი, თითოეულ მეწარმეს გვეხმარება, როგორც ჩვენი ბიზნესის განვითარებაში, ასევე, თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შეფასებაში.
მეწარმეები, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ გურჯაანის ფესტივალზე: მზია შარაშიძე (ჩურჩხელის წარმოება) - „მზიას ჩურჩხელები", დავით ბეჟუაშვილი - „ეგზოფრუტი" (ჩირების წარმოება), ზაზა ცინცაძე - „გურული თაფლი", ია ურუშაძე - „ფუტკრის ნობათი", ალექსანდრე შეწირული (ჩაის, ღვინის წარმოება) - „ცხრა მთა", ლანა ჟღენტი (ჩაის წარმოება) -„პლანტაცია", კახა ნაჭყებია - „ნაგომრის ჩაი", გენო ხუჭუა - „ანასეული".
like