მედია

ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური ოპერირებაში გაეშვა

05 ნოემბერი, 2022

დღეს, 2022 წლის 5 ნოემბერს, ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურის (ახალქალაქი 1 და ახალქალაქი 2) გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლები.  ასევე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე, CCEH-ის ინვესტორი ფონდის მმართველი დირექტორი, ალექს ბენარდი და პროექტის მეორე ინვესტორი კომპანიის, ისლანდიური სახელმწიფო ენერგიის მწარმებელი კომპანიის LANSVIRKJUN-ის ვიცე-პრეზიდენტი, რიკი რიკარდსონი.  

ახალქალაქის ჰესი, არის მცირე ზომის, კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს. ჰიდროელექტროსადგური კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა CCEH-მა განავითარა LANSVIRKJUN-თან ერთად. აღსანიშნავია, რომ LANSVIRKJUN-ი წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანიას და მისთვის ახალქალაქის პროექტი არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიცია.   

ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით. 2021 წლის მონაცემებით, მისი წილი 50 მილიონი კილოვატსაათი გამომუშავებით მცირე ჰიდროელექტროსადგურების გენერაციაში 6%-ს შეადგენს, ჰიდროელექტროსადგურების სრულ გენერაციაში კი, 0.5%.

„საქართველოს უწყვეტი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. განახლებადი ენერგიის წყაროების მეტად განვითარება ხელს შეუწყობს ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევას. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების უდიდესი წილი ჰიდროენერგეტიკაზე მოდის, ენერგეტიკის ამ ქვედარგის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, ვსაუბრობ არა მხოლოდ მსხვილ მარეგულირებელ სადგურებზე, რომელთა წვლილიც ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანია, არამედ მცირე და საშუალო ენერგოობიექტებზეც. ისინი ხელს უწყობენ არა მხოლოდ დარგის განვითარებას, არამედ დადებითად მოქმედებენ იმ სოფლების სოციალურ მდგომარეობაზე, სადაც ასეთი სადგურებია აშენებული. ასეთი ობიექტების მშენებლობისას საჯარო და კერძო სექტორი ერთობლივად ახორციელებენ ლოკალური მნიშვნელობის სოციალურ პროექტებს, რომლებიც განკუთვნილია უშუალოდ ენერგეტიკული სადგურის სიახლოვეს არსებული დასახლებების მცხოვრებლებისთვის - ეს შეიძლება იყოს სპორტული დარბაზი, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, სატუმბი სადგურის მშენებლობა და ბევრი სხვა რამ. რაც მთავარია, ასეთი ობიექტების მშენებლობისა და შემდეგ ექსპლუატაციის დროს იქმნება სამუშაო ადგილები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვისაა გათვალისწინებული. ამდენად, მუნიციპალიტეტებისა და თემების დონეზე ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა დაკავშირებულია მნიშვნელოვან სოციალურ სარგებელთან"-განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ.

პროექტის განვითარება წარიმართა ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება მახვილდებოდა გარემოსდაცვით, სოციალურ და პოზიტიური გავლენის მოხდენის მიმართულებებზე. სწორედ, საერთაშორისოდ აღიარებული IFC და EIB-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების მიხედვით შეირჩა საპროექტო ტერიტორიის მახლობლად არსებულ სამ სოფელში სოციალური პროექტები და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პარალელურად   ყველა  პროექტი განხორციელდა, მათ შორის სოფელ კორხში სპორტული დარბაზი, სოფელ ორჯაში წყლის სატუმბი სადგური და სოფელ დილისკაში სასმელი წყლის მილის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებით პირდაპირ სარგებლობს სამ  სოფელში მცხოვრები 835 ოჯახი, უფრო კონკრეტულად კი 3339 ადამიანი.

„ჩვენ ვქმნით პრეცედენტებს, თუ როგორ უნდა აშენდეს ევროპული სტანდარტების თანამედროვე ჰიდროელექტროსადგურები. ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შედეგად მიღებული დადებითი ეფექტები ვრცელდება როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ჩვენს ინვესტიციებს თან მოაქვთ ცოდნა, კვალიფიკაცია, დასავლური გამოცდილება, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მუშაობის კულტურა, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს უჩენს ადგილობრივ მოსახლეობას დააუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს " - განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, CCEH- ის დირექტორმა.    

"თიბისისთვის, ისევე როგორც ქვეყნისთვის, ენერგეტიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია.  განახლებადი რესურსის ათვისებას კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი - CCEH, წარმატებით უზრუნველყოფს. გვეამაყება, რომ თიბისისა და CCEH-ის მრავალწლიანი თანამშრომლობა ახალქალაქის ჰიდროელექსტროსადგურთან ერთად, ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს აერთიანებს, როგორებიცაა: ლახამი ჰესი და აჭი-ინწობა ჰესი. ზოგადად, თიბისის მიერ, საქართველოს მასშტაბით, ჯამში 31 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

CCEH-ი საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს და ქვეყანაში მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებითაა დაკავებული. ამჟამად ფონდის პორტფელში 7 მოქმედი და 2 წინა სამშენებლო ეტაპზე მყოფი ჰიდროელექტროსადურია. თანხაში კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის  აქტოვობა ასე გამოიხატება: 150 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიცია. დღევანდელ დღემდე განხორციელებული ინვესტიცია 75 მილიონს შეადგენს.