მედია

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი ჩხაკაურას საჯარო სკოლაში

01 დეკემბერი, 2022

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროს გზაზე ულამაზესი სოფელი ჩხაკაურა გვხვდება. უნიკალურ მაღალმთიან ზონაში განლაგებული სოფელი სულ რაღაც 40-ამდე ოჯახს მოიცავს.

2022 წლის სასწავლო წლის დაწყებას, ჩხაკაურა განსაკუთრებით პოზიტიურად შეხვდა, რადგან სოფელში აშენდა თანამედროვე სტანდარტების სკოლა, სადაც დღესდღეობით 28 მოსწავლე ირიცხება. თითოეული მოსწავლისთვის, მნიშვნელოვანია განათლების შესაფერის გარემოში მიღება.

მიმდინარე სასწავლო წლის სწავლების პროცესს, ჩხაკაურას სკოლა ახალი კომპიუტერებით გააგრძელებს. სამი უახლესი კომპიუტერი, რომელიც კომპანია ბახვი ჰესმა განახლებული სკოლისთვის შეიძინა, უკვე ახარებს მოსწავლეებს და ეხმარება მეტი ინფორმაციის მოძიებასა და მიღებაში.

„ჩვენ ვაგრძლებეთ ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის განათლების კომპონენტის შესრულებას. წელს ჩხაკაურას საჯარო სკოლაზეც გავრცელდა ჩვენი ის პროგრამები, რომელსაც მთისპირში ვახორციელებთ 2021 - 2022 სასწავლო წლიდან. ჩხაკაურას სკოლა ჩაერთო ჩვენს ტრენინგ პროგრამაში, რაც გულისხმობს უფროსკლასელების ცნოიერების ამაღლებას გარემოსდაცვით და განახლებადი ენერგიების მიმართულებით. ასევე, პროფსიულ ორიენტაციას იმ ეტაპზე, როცა მოსწავლე გადაწყვეტილებას იღებს, თუ როგორ დაგეგმოს მომავალი. ჩვენ სკოლა უზრუნველვყავით  კომპიუტერებითაც. ძალიან გვახარებს ფაქტი, რომ ჩხაკაურის სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს ექნებათ საშუალება საგაკვეთილო პროცესში გამოიყენონ კომპიუტერები და ამით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადონ სწავლის პროცესი“ - განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

„სასწავლო წელს სკოლის ახალ შენობაში შევხვდით, სკოლაში გვაქვს თანამედროვე კომპიუტერული ლაბორატორია, რომელიც საჭიროებდა კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას. ამიერიდან, უკვე გვაქვს სამი ერთეული პერსონალური კომპიუტერი და ასევე საჭირო აქსესუარები, როგორიცაა ყურასასმენები თუ ხმის გამაძლიერებლები. ამ სიახლემ დიდი სიხარული გამოიწვია მოსწავლეებში, მათ უკვე გამოთქვეს სურვილი დაეუფლონ თანამედროვე კომპიუტერულ პროგრამებს. უკვე ერთი წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ ბახვი ჰესთან. ამ დროის განმავლობაში არაერთხელ ჩატარდა შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან. ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო სასწავლო-სავალდებულო ტრენინგები მოსწავლეთათვის, რაც ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას.“ -  განაცხადა ჩხაკაურას სკოლის დირექტორმა, ალა მარიმ.

ბახვი ჰესი, გარემოს დაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს ოზურგეთში, კერძოდ, მთისპირის საჯარო სკოლის და ჩოხატაურში, ჩხაკაურას სკოლის მოსწავლეებისთვის.