მედია

ინფორმაცია ბახვი 2 ჰესის გზშ-ს საჯარო განხილვის შესახებ

22 დეკემბერი, 2022

2022 წლის 21 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი მთისპირის ადმინისტრაციულ შენობაში მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის (ბახვი 2ა და ბახვი 2ბ) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი გარემოს ეროვნული სააგენტოა. ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინა. პროექტის  განვითარების მენეჯერმა ვალერი ხაჩიძემ, პროექტის ტექნიკური პარამეტრების შესახებ ისაუბრა; განხორციელებული კვლევები და გარემოსდაცვითი საკითხები კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა მიმოიხილა,  სოციალური პროგრამის შესახებ კი  კი განმახორციელებელი კომპანიის ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა ისაუბრა.

მთისპირში მიმდინარე საჯარო განხილვას ესწრებოდნენ მთისპირში მერის წარმომადგენელი ვლადიმერ ჩავლეშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ეკოს დამფუძნებელი ირმა გორდელაძე და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ოთარ რევიშვილი, საგანმანათლებლო სექტორის   წარმომადგენლები და  საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სოფლების (მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი და უკანავა) მოსახლეობა.

მთისპირში გამართული საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობის ინტერესის საგანი იყო დასაქმების შესაძლებლობები და გარემოსდაცვითი ასპექტები.  აღსანიშნავია, რომ 2 საათიანი განხილვის შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს. აღინიშნა, რომ უკვე მეორე წელია კომპანია და მისი თითოეული თანამშრომელი აქტიურად მუშაობს დაინტერესებულ მხარეებთან. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ პროცესი სრულიად გამჭვირვალეა, კვლევები, რომელიც კომპანიამ განახორციელა საერთაშორისო დონის ექსპერტების ჩართულობით, პროექტის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის პროექტის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.    

 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ პროექტში შეიცვალა და გაუმჯობესდა ტექნიკური პარამეტრები, უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემოთავაზებული შემარბილებელი ღონისძიებები კი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანს. 

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2022 წლის 20 ოქტომბერს და სამინისტროს ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2022 წლის 14 ნოემბერს.  

გთხოვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1048