მედია
ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა
2023 წლის 13 მარტს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის მიერ დაარსებულ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის პირველი შეხვედრა გაიმართა. მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიესალმა ბახვი ჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ნიბლაძე, რომელმაც საბჭოს წევრებს მუშაობის ახალი ხედვა შესთავაზა მიმდინარე წლისთვის. ამ ხედვის მიხედვით გაკეთებული სამოქმედო გეგმა და კალენდარი განხილვის საგანი იყო სხდომაზე. საბჭოს წევრებისთვის მისაღები აღმოჩნდა ახალი სტრატეგიის მიხედვით დაგეგმილი სამუშაო წელი და აღინიშნა, რომ მეტი ჩართულობა მთლიანი ციკლის გამჭვირვალობის გარანტიაა.
ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა დავით კობერიძემ ისაუბრა ბახვი ჰესის პროექტის მიმდინარეობაზე. ამჟამად, მენეჯმენტი ბახვი 2 ჰესის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია. 2023 წლის 27 მარტს ჩაინიშნა გადამცემი ხაზის სკოპინგის საჯარო განხილვა სოფელ მთისპირში. სკოპინგის ანგარიში კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამა წლის 1 მარტს წარუდგინა.
ბახვი ჰესის გარემოსადცვითი და სოციალური საკითხების საბჭოში ცვლილება განხორციელდა. ჩოხატაურის არასამთავრობო ორგანიზაციების კვოტოთ საბჭოში ახალი წევრი, მაკა შანიძე წარადგინეს. ის საბჭოში წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას „ქალები ქალებისთვის, საინიციატივო შეხვედრები გურიაში".
შეგახსენებთ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭო კომპანიის ინიციატივით შექმნილი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანი, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მეტი გამჭვირვალობაა. საბჭო ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან ნომინირებული 12 დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება. საბჭოში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ბიზნესი.
like