ჰიდროენერგეტიკა განახლებადი ენერგიის წყაროა. ეს რესურსი ელექტროენერგიის წარმოებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებაში მისი წილი დაახლოებით 80% შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და უსწრებს გენერაციის განვითარების ტემპს. ბოლო 5 წლის მონაცემების საფუძველზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად, საშუალოდ 4,7%-ით იზრდება (2020 წლის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი 3%-ია), ხოლო გენერაცია მხოლოდ 2,8%-ით. აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, მომდევნო 3 წელიწადში მოსალოდნელია ელექტროენერგიის დეფიციტის გაორმაგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სულ უფრო დამოკიდებული გახდება იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე, რომლის შესყიდვაც ხდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიც არის რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი. ეს ყოველივე სავალუტო რესურსის გადინებას იწვევს, რაც ამავე დროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ამასთანავე, აღნიშნული ფაქტი იწვევს ტარიფების ზრდას და შესაბამისად ქვეყანაში ენერგეტიკული სიღარიბის მდგოამრეობის დამძიმებას. იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებამ 2020 წელს დაახლოებით 200 მილიონი ლარი შეადგინა (2019 წელს შეადგინა 230 მილიონი ლარი), რაც მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის მაკროეკონომიკას. 2016 წლის შემდეგ ელექტროენერგიის იმპორტზე გაწეული ხარჯი 4-ჯერ გაიზარდა.